ეკა კვარაცხელია

ლაბორატორიის ხელმძღვანელი

ეკა კვარაცხელია, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვ. ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ფუნქციური გენომიკის და ეპიგენომიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მან დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, გენეტიკის სპეციალობით და 2006 წელს მოიპოვა აკადემიური დოქტორის წიდება ბიოლოგიაში იმუნოგენეტიკის სფეროში.

2017 წლიდან იგი არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

ეკა კვარაცხელიას სამეცნიერო ინტერესი და საკვლევი თემატიკა უკავშირდება იშვიათი დაავადებების, განსაკუთრებით კისტური ფიბროზის (CF), იმუნური და სასუნთქი სისტემების უჯრედებში მიმდინარე მოლეკულურ მექანიზმებს.
2014 წლიდან მისი ხელმძღვანელობით ხორციელდება პროექტები, რომელთა მიზანია კისტური ფიბროზის გენეტიკური და ეპიგენეტიკური მამოდიფიცირებელი ფაქტორების გამოვლენა და გენოტიპ/ფენოტიპის კორელაციების დადგენა.
ეკა კვარაცხელია არის ორი მიმდინარე პროექტის ხელმძღვანელი და ორი (მათ შორის, ერთი საერთაშორისო) პროექტის მეცნიერ-თანამშრომელი. ასევე, 8 დასრულებული პროექტის მონაწილე (მათ შორის, სამეცნიერო ხელმძღვანელი, კოორდინატორი და მენტორი). ეკა კვარაცხელიას ხელმძღვანელობით და კონსულტანტობით შესრულდა ექვსი სადოქტორო პროგრამა.
იგი არის 80-მდე პუბლიკაციის, 3 წიგნის თავის და ერთი მონოგრაფიის თანაავტორი. გარდა ამისა, ეკა კვარაცხელია არის არაერთი ქართულენოვანი გამოცემის, სახელმძღვანელოს და სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურის, სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე და აღმასრულებელი რედაქტორი.
2020 წელს ეკა კვარაცხელიამ როგორც სამედიცინო გენეტიკის ევროპის ბორდის (EBMG), ეროვნული დელეგაციის ბორდის წევრმა მონაწილეობა მიიღო სამედიცინო გენეტიკოსთა ევროპის გამოცდების და რეგისტრაციის სისტემის შემუშავებაში (რომლის მიზანი იყო პან-ევროპული ჰარმონიზირებული სისტემის შექმნა და სერტიფიცირება),.
2022 წლიდან იგი მონაწილეობს იშვიათი დაავადებების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, როგორც სამეცნიერო კონსულტანტი.
ეკა კვარაცხელია არაერთი საერთაშორისო საზოგადოების აქტიური წევრია, მათ შორის: სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი; ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების განათლების კომიტეტის ბორდის წევრი; ადამიანის გენეტიკის ამერიკის საზოგადოების (ASHG), არადიაგნოზირებული დაავადებების საერთაშორისო ქსელის (UDNI), კისტური ფიბროზის ევროპის საზოგადოების (ECFS), ადამიანის გენომის ორგანზაციის (HUGO) წევრი და სამედიცინო გენეტიკის ევროპის ბორდის (EBMG), სამედიცინო გენეტიკის და გენომიკის განყოფილების (BMGG) ეროვნული დელეგაციის ბორდის წევრი.

Scroll to Top